вторник, 2 декабря 2008 г.

სანდრო ბოტიჩელი

სანდრო ბოტიჩელის ბიოგრაფია

1444-1510


სანდრო ბოტიჩელი, ალესანდრო და მარიანო ფილიპეპი, დაიბადა 1444 წელს (1445წ) ფლორენციის მოქალაქის, ტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყება, რომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაა, სწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელს მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. არსებობს სხვა ვერსიაც: ბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავს, ასე ეძახდნენ მის უფროს ძმას, ვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმად. სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობა, თუმცა ზოგი წყაროს თანახმად, მან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობა. სავარაუდოა, რომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწ. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, ვნებიანი მისწრაფება. არ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაც, რომ სანდრო 1468-69 წ.წ.-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკე, ანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა.

1470 წლიდან ბოტიჩელს უკვე ჰქონდა საკუთარი სახელოსნო და დამოუკიდებლად ასრულებდა მიღებულ შეკვეთებს. მისი სურათები საოცარი ჰაეროვნებითა და ფანტასტიკის სიყვარულით გამოირჩევა . 60-იანი წლების დასასრულს იგი დაუახლოვდა ცნობილ მხატვარს ანტონიო პოლაიოლოს. მისი გავლენით შექმნა სურათები: „ძალა“ (1470, უფიცის გალერეა) და “წმ. სებასტიანე“ (1473-1474წ.წ. ბერლინ-დალემის სურათების გალერეა). ორივე მათგანისათვის დამახასიათებელია ფიგურების მკაფიო, პლასტიური „ძერწვა“.


ბოტიჩელის შემოქმედებაში სამი მთავარი მოტივი გამოირჩევა: ალეგორია („გაზაფხული“), მითოლოგია („ვენერას დაბადება“) და რელიგიური (მადონები).



სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდა. რამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეში. მოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. იგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე.

დღეს ბოტიჩელს იცნობს ყველა, როგორც იტალიური რენესანსის საუკეთესო წარმომადგენელს. მისი სურათები ამშვენებს ფლორენციის, რომის, ბერლინის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, მილანის, პეტერბურგის მუზეუმებსა და გალერეებს.




სანდრო ბოტიჩელის შემოქმედება


„ივდითის დაბრუნება“, რომელიც შესრულებულია 1470 წელს. ფართო პანორამის ფონზე, სადაც შორეული ბატალური სცენები და კოშკები სჩანს, მოდის გამარჯვებული ივდითი, მარჯვენით ხმალი უჭირავს, მარცხენით – მწვანე რტო, უკან მოახლე გოგო მოჰყვება, კალათით ოლომფრეს თავი მოაქვს. სურათი ინახება ფლორენციის უფიციის გალერეაში.

ბოტიჩელის შემოქმედებაში სამი მთავარი მოტივი გამოირჩევა: ალეგორია („გაზაფხული“), მითოლოგია („ვენერას დაბადება“) და რელიგიური (მადონები).




70-იანი წლების დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისში ბოტიჩელი დაუახლოვდა მედიჩების კარს. ამ დროს მიეკუთვნება მისი ყველაზე ცნობილი სურათი „მოგვთა თაყვანისცემა“ (დაახ. 1477-1478წ.წ.). ამ სურათში მხატვარი მთხრობელის როლში გამოდის. დაწვრილებით აღწერს ცხენთა სიმრავლეს, ფარშევანგებს. ასეთი ხალხმრავლობა, პოზათა სხვადასხვაობა, საუბარი, მოძრაობა, ნაირფერი სამოსი ამ ოსტატის სხვა სურათებში არ გვხვდება. გამოყენებული აქვს თანამედროვეთა პორტრეტები და ავტოპორტრეტიც. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კუშტი მედიჩი. შავი ხავერდის სამოსელი ხაზს უსვამს მის სიმკაცრეს. „მოგვთა თაყვანისცემა“ ბოტიჩელიმ ოთხჯერ დახატა. ორი ლონდონის მუზეუმშია, ერთი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, უფიცის გალერეაში, ხოლო მისი ასლი ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმშია.



ამავე პერიოდშია შექმნილი ა.პოლიციანოს ლექსის მიხედვით ალეგორია “გაზაფხული“, მითოლოგიური სურათები: „ვენერას დაბადება“, „პალადა და კენტავრი“. ამ სურათებში გაზაფხულის ბუნების ფონზე გამოსახული ოქროსფერთმიანი, ნაზი, გამჭვირვალე სამოსით შემოსილი ქალწულები იდუმალებით არიან მოსილნი. სიყვარულის ქალღმერთ ვენერას კი ნაპირისკენ ქარის ღმერთები შებერვით მოაცურებენ და ყვავილებს აყრიან. პეიზაჟი არ ჰგავს რეალურს. მას პოეტურ-ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ.


ბოტიჩელი ძირითადად მადონებს ხატავდა, მაგრამ მისი ფართო თემატიკა მოიცავს ანტიკურ-ალეგორიულ და მითოლოგიურ სიუჟეტებს, პორტრეტებს, ამასთან ოსტატია ნახატებისა, რომელთაც იყენებდნენ ოქრომჭედლები, მოზაიკის ოსტატები. მომხიბლავია მისეული შიშველი სხეული, გამჭირვალე სამოსელი, აბრეშუმის თმა, ფიქრიანი სახეები, ფანტასტიკური იდუმალება.



1490-იანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე ბოტიჩელის ხელოვნება იძენს ახალ მიმართულებას, მხატვარი ხან გამოსახავს მტანჯველ განცდებს – „ქრისტეს დატირება“ („პიეტა“), ხან კი – ხატებისთვის მახასიათებელი პირობითობით ქმნის სურათებს.

1500 წელს ბოტიჩელიმ დახატა „შობა“, რომელიც მისი უკანასკნელი დიდი ნაწარმოებია, რამაც ჩვენამდე მოაღწია. ეს ბრწყინვალე ტილოა თავისი კომპოზიციით, იდუმალებით, ფერთა სიუხვითა და სიმკვეთრით. აქ გამოყენებული უჩვეულო ხერხი ფიგურების „სართულებად“, ზემო-ქვემო განლაგებისა, 40 წლის შემდეგ გაიმეორა და აამაღლა მიქელანჯელომ „განკითხვის დღეში“. სურათში ჟანრული სცენა რელიგიურ მისტერიად გადაიქცევა და კომპოზიცია გარშემორტყმულია შარავანდიანი ფრინავი ანგელოზებით. სურათს ამშვენებს მხატვრის მიერ შექმნილი ბერძნული წარწერა, მასში მხატვარი ფლორენციის გადარჩენაზე ლოცულობს. ეს უნიკალური ტილო ინახება ლონდონის გალერეაში.

აღსანიშნავია, რომ ბოტიჩელიმ დაამკვიდრა პორტრეტის ახალი ტიპი. თუ მისი წინამორბედი მხატვრები ადამიანს გამოსახავდნენ პროფილში, იგი პირველი იყო, რომელმაც ადამიანი გამოსახა თითქმის ანფასში, უკანა პლანზე ვრცელი პეიზაჟის თანხლებით, რამაც შექმნა შესაძლებლობა სახის ემოციური და ფსიქოლოგიური გახსნისა. საუკუნის ბოლოს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა (მედიჩების განდევნა, სავონაროლას სიკვდილით დასჯა) მძიმედ იმოქმედა მასზე. მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრები ტრაგიკული განცდების კვალს ატარებს. მათში შეშფოთება და უიმედობაა. ზოგჯერ კი რელიგიური ეგზალტაცია იგრძნობა; მოძრაობის გადმოცემა მკვეთრია, იზრდება დაძაბულობა, პათეტიკა, ფერთა სიჭრელე. უკანასკნელ სურათებში იგი თითქოს გოტიკის ტრადიციებს უბრუნდება. ამ პერიოდში ქმნის სურათებს „მიტოვებული“ (1485-90), „ცილისწამება“ (1495), „წმინდა ზინობის ცხოვრების სცენები “ (1505), ეს სურათები ინახება სხადასხვა მუზეუმში: დრეზდენის სურათების გალერეა, ლონდონის ეროვნული გალერეა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი.



განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ქრისტეს დატირება“. ცნობილია ორი ტილო: მილანის პოლდი-პეცოლდის გალერეისა და მიუნხენის ძველი პინაკოთეკის. სურათის დათარიღება ვერ ხერხდება, მაგრამ სავარაუდოდ დახატული უნდა იყოს 1500 წლისაათვის, ანუ მეამბოხე ბერის, სავონაროლას სიკვდილით დასჯის შემდეგ. ბოტიჩელი განიცდიდა მეგობრის ბედს და რელიგიურ სტრესებში ეძებდა ნუგეშს.

Комментариев нет: